რა არის სიზმარი? ალბათ ყოველ ჩვენგანს გასჩენია ეს შეკითხვა. მეცნიერული ახსნით, სიზმარი არის "ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმოდგენებისა, რაც, ძირითადად, უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა". ჩვეულებრივი ადამიანი მას უფრო მარტივი ენით ახსნის, ზოგიერთის აზრით, სიზმარს ბიოლოგიური დანიშნულება აქვს, კერძოდ, დასვენება, ზოგიერთი კი იმ აზრს უფრო ემხრობა, რომ სიზმარი ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ჩვენს ქვეცნობიერს გამოხატავს. მაგრამ უცნაურია ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ძილის წინ რაზეც ვფიქრობთ ის გვესიზმრება, ზოგჯერ კი ის, რაზეც საერთოდაც არ გვიფიქრია. ფაქტი კი ერთია, სიზმარი ალეგორიული ხასიათის მატარებელია. სიზმრებს დიდი ყურადღება დაუთმო გამოჩენილმა ფსიქოლოგმა, ზიგმუნდ ფროიდმა. მისი აზრით, სიზმრის შინაარსი შეესებამება ადამიანის გაუცნობერებელ სურვილებს, მისწრაფებებსა და მოტივებს.
სიზმარი ძველად
ჯერ კიდევ უძველეს დროში აფიქრებდა ადამიანს სიზმრად ნანახი. როდესაც პირველყოფილი ადამიანის ფანტაზიამ შექმნა მცდარი და პრიმატული აზრი სამყაროზე, ადამიანებმა ირწმუნეს, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალები, ეს ძალები იმყოფება საგნებში (მათ ფეტიები უწოდეს), ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა სხეულში (მათ „სულები“ უწოდეს). ახსნეს სიზმარიც: იგი მიიჩნიეს „სულის“ თავგადასავლად, „სული“ კი თითქოს მოგზაურობდა სხეულის ძილის დროს. ჩვენი შორეული წინაპრები უმეცარნი იყვნენ. არ შეეძლოთ შებრძოლებოდნენ ბუნების ძალებს და ქმნიდნენ სხვადასხვა მაგიურ წეს-ჩვეულებებს, მკითხაობდნენ, წინასწარმეტყველებდნენ და ასე შემდეგ. სიზმარი, რომლის დროსაც, მათი აზრით, ადამიანების, მცენარეთა და ცხოველთა სულებს, მიაჩნდათ მომავლის საიდუმლოეათა ამოსაცნობ და ღმერთების ნება-სურვილის წინასწარმაუწყებელ საშუალებად. სიზმრების მიხედვით ცდილობდნენ გაეგოთ წარმატებით ინადირებდნენ თუ არა, როდის იყო უკეთესი ბრძოლის დაწყება, ხელსაყრელი იქნებოდა თუ არა საცხოვრებლად შერჩეული ადგილი და ასე შემდეგ. სიზმირის მიხედვით შელოცვები და წინასწარმეტყველება გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. სიზმრებისა განსაკუთრებით სწამდათ შუა საუკუნეებში. XIX საუკუნეშიც ბევრი გაუნათლებელი ადამიანი ფართოდ სარგებლობდა ე.წ. „სიზმრის ამხსნელი“ წიგნებით.
სიზმარი ახლა
მოწინავე მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ სიზმრებში არაფერი საიდუმლოება არ არის. სიზმარი წარმოადგენს რეალური მოგონებების გაცოცხლებას ძილში. ყველაზე უკეთ ეს აზრი ი. სეჩენოვმა გამოთქვა. მან სიზმარს „არსებულ შთაბეჭდილებათა არნახული კომბინაცია“ უწოდა. სიზმრის ფიზიოლოგიის, მისი შინაგანი მექანიზმის სრული ახსნა შესაძლებელი გახდა უმაღლესი ნერვული მოქმედების მოძღვრების დახმარებით, კერძოდ, შეკაების პროცესის თავისებურებათა გაგების შედეგი. ცდებმა აჩვენა, რომ ნერვული უჯრედის აგზნების მდგომარეობიდან სრულ შეკავებაში გადასვლა და, პირუკვუ, ხდება რიგი შუალედური ე. წ. ჰიპნოზური ფაზებით როდესაც ძილი ღრმაა, სიზმრებს არ ვნახულობთ, მაგრამ თუ ტვინის ცალკეულ უჯრედებსა და უბნებში შეკავების ძალა რაიმე მიზეზით სუსტდება, და სრულ შეკავებას შეენაცვლება ერთ-ერთი გარდამავალი ფაზა, ვხედავთ სიზმრებს.
წყაროები: "ინტერმედია", "ვიკიპედია".